თბილისში ძლიერ ქართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 270 შეტყობინება შევიდა, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.

დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, დაშავებული არავინაა. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შესულა.

საღამოსთვის ქარის სიმძლავრემ იკლო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით შემცირდა  შეტყობინებების ინტენსივობაც.