თბილისში ირანის საელჩოსთან ირანელი რეპერის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები ირანელი რეპერის ემირ თათალუს ქვეყნიდან გაძევებასა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. რეპერმა რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში კონცერტი ირანული დიასპორისთვის გამართა, სადაც დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. პროტესტის გამოსათქმელად ისინი დღეს ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ. 

საელჩოსთან შეკრებილებს ირანის ელჩი შეხვდა. სეიედ ჯავადის თქმით, მისთვის უცნობია, როგორ მოხვდა საქართველოში რეპერი ემირ თათალუ, რომელიც ირანშიც კანონდამრღვევია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

,,ჩვენ საერთოდ არ ვიცით როგორ შემოვიდა ის ქვეყანაში, ან ვინ შეუწყო ხელი მის შემოსვლას. ეს ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანელ ხალხს უყვარს საქართველო და ქართველები. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს რომ მოძმე მეგობარი ქვეყნის ხალხს ასეთი საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. არც ერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ერებს. ეს დაუშვებელია“, – განუცხადა ელჩმა აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, მომღერალმა ემირ თათალუმ საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. თუმცა ვიდეომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის სპარსული ენის მცოდნეებს შორის – მათი ნაწილი ამბობს, რომ რეპერმა კონცერტზე ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, ნაწილი კი მათ ენის არცოდნაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეოში შეურაცხმყოფელი არაფერია.