თბილისში მამაკაცი გრძელი თმის გამო სცემეს

ინციდენტი მაჩაბლის ქუჩაზე – მოზარდების აგრესიულმა ჯგუფმა ბიჭს გრძელი თმის გამო სცემა. თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდები ბიჭს ყვირილით – გოგო ხარ თუ ბიჭიო, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ურტყამდნენ. ინფორმაცია მომხდარის შესახებ, თავდაპირველად, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთმა” გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაზარალებულს ექიმის ჩარევა და თავზე ორი ნაკერის დადება დასჭირდა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვები.

„დღეს გავიგე, რომ საყურის გამო ჩხუბი მომხდარა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. გუშინ იყო ეს ამბავი და სად, როდის არ ვიცი არაფერი“, – აცხადებს ადგილობრივი.