თბილისში მამაკაცმა ოჯახი მძევლად აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა

თბილისში გუშინ საღამოს მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მძევლად საკუთარი ცოლი და 2 შვილი აიყვანა და მათი მოკვლით იმუქრებოდა.

შემთხვევას შსს-ში ადასტურებენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, თუმცა პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ამის გამო ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს.

ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

შემთხვევა ცაგარელის ქუჩაზე მოხდა და მას ბევრი  თვითმხილველი ჰყავს. მათი ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.