თბილისში მშობიარობის დროს 34 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში ახალგაზრდა ქალი ბავშვის გაჩენის შემდეგ დაიღუპა.

შემთხვევა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში მოხდა.  34 წლის ქალის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ კრიტიკულად დამძიმდა.

ოჯახი მომხდარის გამო პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

მათი ინფორმაციით,  სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გული გაუჩერდა. 

გარდაცვლილი ქალის მეუღლის განცხადებით, ექიმები დაიმალნენ და პაციენტის ახლობლებს მდგომარეობა არ განუმარტეს. 

„რეანიმაციის კარები დაკეტეს, ძალით შევედი და დაღუპული დამხვდა ჩემი მეუღლე. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, მე დავიღუპე და სხვასაც დაღუპავენ ესენი“, – აცხადებს  გარდაცვლილის ქმარი.

სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, პაციენტს საკეისრო კვეთა გართულებების გარეშე ჩაუტარდა, თუმცა მოგვიანებიტ მისი მდგომარეობა გართულდა.  

„ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა ინტენსიურ პალატაში. პაციენტს დახმარება დასჭირდა. დროულად იქნა გამოძახებული ანესთეზიოლოგი. რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, რამაც სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უფრო სრულ პასუხს გაგცემთ“, – განაცხადეს სამშობიაროში.