ავტომობილი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, აღმოჩნდა რომ მეპატრონემ გადამალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, 12 სექტემბერს, შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან Mitsubishi Pajero- ს ფირმის ავტომობილი მოიპარეს.
„სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.
ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს.
ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.