თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi დასრულდა

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi დასრულდა. Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით გაიმართა და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ორი დღის განმავლობაში Startup Grind-ის რეგიონულმა ღონისძიებამ თავი მოუყარა მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისათვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იყვნენ ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან სესიებსა და პანელურ დისკუსიებს.

Startup Grind ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.