თბილისში საპროტესტო ავტოკოლონა გამოჩნდა

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისში საპროტესტო ავტოკოლონამ დაიწყო მოძრაობა. აქცია დღეს იუსტიციის სახლის წინ დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა.

თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი დღეს დაკეტილი იყო. შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს შესვლა. “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აციაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, უცხოელებზე მიწის გასხვისება არ დაუშვას. ისინი მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

აქციაში მონაწილეობენ დეპუტატები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები.

ცნობისათვის, 7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელი დააკმაყოფილა და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება. ამ შეზღუდვის გამო მოსარჩელეები მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ.