თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული 1994 წელს დაბადებული ნ.ე. უკრაინის მოქალაქეა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ე.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“,- აცხადებს შსს.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.