თეა წულუკიანი:დროა სიჩუმის, დროა მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების

{{ARTICLEIMAGE}}
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა თავისუფალ გარემოში მოხდეს სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება.

თეა წულუკიანი რომელიმე მოსამართლის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სია ნაჩქარევად  იყო შედგენილი. ამბობს იმასაც, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკითხი – შეიძლება თუ არა მომავალში კანდიდატად ისეთი ადამიანის წარდგენა, რომელსაც განაჩენი არასდროს გამოუტანია.

თეა წულუკიანი უარყოფს, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიამ უმრავლესობაში  დაპირისპირება გამოიწვია. მინისტრი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” თანხმდება ყველა, რომ მოსამართლეთა შერჩევამდე ჯერ შერჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.


“ახლა ალბათ დროა სიჩუმის, მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების, დროა სიმშვიდის, იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან და ვნებათაღელვისგან თავისუფალ გარემოში ჩვენ, ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი”,განაცხადა წულუკიანმა.