თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას ციხეში ეპატიჟება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს სთავაზობს მასთან ერთად მოინახულოს ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც მოისურვებს.

„როდესაც სახალხო დამცველის 10 დეკემბრის ანგარიშში ხვდება გარკვეულ ლეგენდებზე დაფუძნებული პრობლემა – ვითომ ავტორიტეტების მიერ მართულ ციხეებზე, კითხვა მიჩნდება. ამიტომაც რაკი ქალბატონმა ნინომ თავად თქვა, რომ მის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მზად არის უწყებებთან იმუშაოს, მე ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით და მას ვთავაზობ, ჩემთან ერთად რომელიმე იმ დაწესებულებაში, რომელსაც ის ხელს დაადებს წამოვიდეს, შეხვდეს რიგით პატიმრებს.

ვინაიდან რაც ის დაინიშნა სულ 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი და შეხვდა ე.წ ცნობილ პატიმრებს. არადა, სახალხო დამცველი რიგითი პატიმრების სახალხო დამცველიც არის. წამობრძანდეს ჩემთან ერთად ე.წ. ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავჭრათ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა.