„თეატრი მისი სახლი იყო“ – გარდაიცვალა ოპერისა და ბალეტის თეატრის გრიმიორი ზაზა რევაზიშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრის მთავარი გრიმიორი, ღირსების მედლის მფლობელი, ივანე (ზაზა) რევაზიშვილი.

ზაზა 1976 წლიდან მოყოლებული 44 წლის მანძილზე ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს და თეატრს. როგორც ოპერის მომღერალი, თამარ ივერი აცხადებს, მას ბავშვობიდან იცნობდა და დიდ პატივს სცემდა.

თამარ ივერი: – მამა, ავთანდილ ჯავახიშვილი ოპერის სოლისტი იყო და ოთხი წლიდან თეატრში ვარ გაზრდილი. ზაზა პირველად როდის ვნახე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაც თავი მახსოვს, თეატრიდან მახსოვს ზაზაც. პროფესიონალი იყო. ჩემთვისაც გაუკეთებია გრიმი და პარიკი. დიდი სიყვარულით ვიხსენებდი ყოველთვის. თეატრი მისი სახლი იყო.