თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ფშაველსა და ლალისყურში საბავშვო ბაღები ერთი კვირით დაიკეტა.გადაწყვეტილება თელავის მერიამ სტიქიის გამო მიიღო. სოფლებში სტიქიის დროს სასმელი წყლის სისტემა დაზიანდა.
გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლების სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და გაყვანილობის სისტემა დააზიანა. მოსახლეობას წყალი ამ დროისთვის რეზერვუარების დახმარებით მიეწოდება. თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ ბაღების დაკეტვა სწორედ წყლის პრობლემას უკავშირდება.
“საბავშვო ბაღები ერთი კვირით დავკეტეთ, ამ დროში მდინარის დონეც დაიკლებს და გაირკვევა, რა სირთულის სამუშაო გვექნება ჩასატარებელი სასმელი წყლის აღსადგენად. რაც შეეხება სოფლის სკოლას, რესურსცენტრთან ერთად ამ საკითხს განვიხილავთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვებს ხელის დაბანა მაინც შეეძლოს”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.