თელავში მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა

თელავში მეფე ერეკლე მეორეს სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარ ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს.

მაია ოთარაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა.

„გიდასტურებთ, რომ შემთხვევა გაკვეთილის მსვლელობისას მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი, რის შემდეგაც დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს“, – განაცხადა ოთარაშვილმა.

პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობას ედავებიან, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სადისციპლინო კომიტეტის სხდომა მომავალ კვირაში ჩატარდება. სხდომაზე პედაგოგის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სასჯელის ფორმაზე იმსჯელებენ.