თელავში საზეიმო ღონისძიებისთვის აშენებული სცენის კონსტრუქცია ჩაინგრა

თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის დამონტაჟებულ სცენაზე გადახურვა ჩაინგრა. ფოტომასალა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. რკინის კონსტრუქცია იმ დროს ჩავარდა, როცა კონცერტის სამზადისი სცენის მიღმა მიმდინარეობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მიზეზით კულტურულ ღონისძიებებში ცვლილება შევიდა. პირველი კონცერტი პირველის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ის სცენის აღდგენამდე გადაიდო.
ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, კონსტრუქციის მაღლა აწევის დროს ძლიერმა ვიბრაციამ გამოიწვია. ამ წუთებში სცენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში კი დამთვალიერებელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას იხილავს. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინოები. დღევანდელი დღე მოწვეული მომღერლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.