“თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა”, — განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სხდომის შემდეგ.
“ყველასთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში, არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად თემა დახურულია. 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება” , -განაცხადა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.
შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.
„დღეს იქნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის წამოჭრილი დღის წესრიგში.
მე არ მოვაწერე ხელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარს ვუჭერ დღეს მოქმედ შერეულ სისტემას. პლებისცისტთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, როგორც იყო გაცხადებული და დღესაც ამ საკითხს შევეხებით. დისკუსიის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას პლებისციტის შესახებ.
სრულად მაჟორიტარული სისტემა დღეისათვის დღის წესრიგში არ დგას. მე ვფიქრობ, დღეს ამაზეც იქნება მსჯელობა“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.