თერჯოლაში დააკავეს მამაკაცი რომელმაც ტურისტს 2000 დოლარი მოპარა

პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი  გახსნა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია  1982 წელს დაბადებული მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  თერჯოლაში მდებარე სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში  უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, მის მიერ მოპარული და გადამალული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.