თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” გაიმართა და მას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის მენეჯმენტის და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტში გაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნაირიანობის ზრდა.

დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს.

კვლევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის სრული ვერსია გამოქვეყნდება თიბისი რისერჩის ვებ-გვერდზე – https://www.tbcresearch.ge/en/SubCategory/Sector-Reports