თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ

შესთავაზა თუ არა წილების დათმობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იყო თუ არა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ეს შეკითხვა დაუსვეს დღეს ჟურნალისტებმა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, რომლებმაც სასტუმრო რუმსში პრესკონფერენცია გამართეს. ეს ინფორმაცია ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო.

“არა, აბსოლუტური სიცრუეა, ასეთი თხოვნა არავისგან არ ყოფილა”, განაცხადა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას მოითხოვს, რასაც უკავშირებს 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

ასევე ცნობილია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს “სამგორი M-მა” და “სამგორი თრეიდმა” “თიბისი ბანკისგან” საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. უწყებაში აცხადებენ, რომ მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც “სამგორი M-სა” და არც “სამგორი თრეიდის” მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის “თიბისი ბანკისთვის”.