სამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა -განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კობა გვენეტაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს ევალება ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვეღარ ახერხებდა.
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის გამო მიიღო ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება და ჩამოაშორა მმართველ რგოლს ხაზარაძე-ჯაფარიძე.
„ხაზგასასმელია, რომ ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, “თიბისი ბანკის” ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. მსურს აღვნიშნო, რომ ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობის მიხედვით არის კონფიდენციალური,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
“მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისთვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე. დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას როგორც ჩვენი, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ,“ – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნულმა ბანკმა თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა ორი თვის წინ მოითხოვა. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ოფიციალურად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დასახელდა.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვეს.














