საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წევრები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუჭრეს.
„დღეს პარლამენტის წევრებმა სცადეს, რომ გავეშვი პარლამენტიდან. ე.წ. ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში სადაც მე ვიჯექი, ჩემს ადგილას. ამოიღეს ჩემი ბარათი. ერთმა, ხოშტარიამ ამოიღო ბარათი, ბოკუჩავას მომზადებული ჰქონდა მაკრატელი და იმან გაჭრა. მეორე ნახევარი აქვს ხოშტარიას, წაიღო სამახსოვროდ, ჩემი თვალები მოსწონს ეტყობა. მაგას აქვს ჯიბეში. მე ამას თავდასხმად ვაფასებ. გამოცდილმა იურისტებმა შეაფასონ, არის თუ არა ეს თავდასხმა დეპუტატზე“, – განაცხადა კოპალიანმა.
კარლო კოპლიანი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხმა არ მისცა.
შეგახსენებთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა. ამ წუთებში პარლამენტის წინ ოპოზიციის ლიდერები და “სირცხვილიას” ორგანიზატორები არიან შეკრებილები. 19:00 საათზე კი პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დაანონსდა.