მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, მტკიცება, რომ კორონავირუსი არ შეგეყრება და არ მოკვდები, მორწმუნეობა კი არა, სიგიჟეა.
,,მე რომ ვთქვა, არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძაან დიდი იდიოტი უნდა იყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ვკვდებით ჩვეულებრივად, ქოლერით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე. ვთქვათ, რომ მას არ შეეყარა ეპიდემია და სნეულების საშიშროება არ ჰქონდა, ეს არის სიცრუე”, – ამბობს მამა ანდრია.
ის მეუფე ნიკოლოზის განცხადებასაც ღვინოს ანტისეპტიკურობასთან დაკავშირებით და პატრიარქის ხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საეკლესიო დარღვევა და უბედურებაა.
,,უფრო დიდი საშიშროებაა, რასაც დავაკვირდი ზოგადად და მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო, ზიარებას უწოდებენ ანტისეპტიკს. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ან როდესაც ცხენი დაფრინავს…გარკვეული საკითხები არის, სადაც შეიძლება კრიტიკას ავუქციოთ გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. ამ განცხადების მერე კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე ანტისეპტიკია ზიარება და მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება”, – ამბობს ანდრია სარია.
ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე საპატრიარქომ უარი განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ,,ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.
საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ ხილვა ჰქონდა. ,,ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე”,- თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.