თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ტელევიზიასთან პირდაპირი ჩართვისას გააკეთა.
საეთერო სტუდიაში ასევე იმყოფებოდა მოლდოვის ახალი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ.
მოლდოვის ახალმა მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დახმარება სთხოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დახმარებისთვის მზად ყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაია სანდუს დიდი გამოცდილება აქვს და ის ერთ-ერთი რეფორმატორი პოლიტიკოსია.
„დღეს არაერთი ქვეყანა აღტაცებით შეჰყურებს მოლდოვას. ეს არის ისტორიული გარღვევა, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ოლიგარქიის პრობლემა არსებობს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა დაპყრობილი აქვს ოლიგარქს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოლიგარქების ხელშია ფული, ბიზნესი, მედიასაშუალებები, სასამართლო სისტემა. ისინი აბუჩად იგდებენ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეას. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში და ხდებოდა პოროშენკოს დროს უკრაინაშიც. ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება. მოლდოვაში პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ გარწმუნებთ, ვინმე პლაჰოტნიუკი ვერ შეძლებს წავიდეს ევროკავშირისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.