,,თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს”,-
პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების წევრებს, მხარდამჭერებსა და დეპუტატებს მიმართავს.
მისი თქმით, ქართული ოცნება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს, რადგან ისინი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების გზავნილებს არ იღებენ.
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები . აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია , რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს”,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და წევრებმა კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რადგან ბიძინა ივანიშვილმა 30-წლიანი მონაპოვარი შეიძლება დააკარგვინოს ქვეყანას.
,,ამ ვითარებაში მინდა მივმართო “ქართული ოცნების” დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს.
კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს”,- აცხადებს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას აშშ-ის 4-მა კონგრესმენმა მიმართა წერილით, რომელშიც საუბარია მთავრობის მხრიდან პოლიტიკოსებსა და მედიაზე ზეწოლაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და სხვა პრობლემურ საკითხებზე.
ხელისუფლება გუშინ ევროპარლამენტარებმაც გააკრიტიკეს და მოუწოდეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ეღიარებინათ, რომ პროპორციული ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო.