„მე მოვედი კონკრეტული გეგმით, რომ მესაუბრა კონკრეტულ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.
„ჟურნალისტებთანაც მინდა საუბარი, მაგრამ ჯერ მინდა გავერკვე რამდენი თანამშრომელია, რომ დავგეგმოთ შეხვედრები, ვისაუბროთ ერთობლივად,“ – თქვა რუსთავი2–ში მისულმა სალიამ.
პაატა სალიას თქმით, ჟურნალისტებთან საუბრამდე მენეჯმენტის წარმომადგენლებთან სურს შეხვედრა, თუმცა, ისინი სამსახურში აღარ დახვდნენ.
„ღამე დარჩენას არ ვაპირებ, ალბათ, ხომ?“ – ამბობს სალია. ნიკა გვარამიასთან საუბრის შემდეგ, სალია ნიუსრუმში შევიდა და ჟურნალისტებს შეხვდა.
„თქვენს მიღმა, თქვენი მარწმუნებლის მიღმა ჩვენ მაინც ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს, მის გავლენებს და მის სურვილს, მოასუფთავოს საინფორმაციო ველი ამ ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური გავლენიანი კრიტიკული ტელევიზია,“ – მიმართა პაატა იაკობიშვილმა სალიას.
საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დაინტერესდა, რა გარანტიას აძლევს “კურიერის” გუნდს “რუსთავი2”-ის ახალ გენერალურ დირექტორი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება.
“რა გარანტიას გვაძლევთ თქვენ ჩვენ კურიერის გუნდს, რომ “კურიერის” გუნდს, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება დაცული და თქვენ და თქვენი მარწმუნებელი, რომლებსაც გაქვთ ძალიან ბევრი ბიზნესი, ერთ დღეს, ისევ ისე არ მიგაჯაყჯაყებთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ იყო მანამდე და ტელევიზია გადააფორმა, მიატოვა გუნდი, წავიდა, ამის შემდეგ იგებდა ტენდერებს და აკეთებდა ძალიან ბევრ ფულს, ისევ ჩახუტებული ხელისუფლებასთან ერთად, რომ იგივე სცენარი არ განმეორდება და საქართველოში ყველაზე თავისუფალი, დიდ მედიასაშუალება დღეს არ აღმოჩნდება მარწუხებში,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
სალიას კითხვით მიმართა ასევე ნანუკა ჟორჟოლიანმა და ჰკითხა, შეძლებს თუ არა ის, იმ ადამიანებისთვის ორწლიანი კონტრაქტის დადებას, რომლებიც ივანიშვილს პრობლემებს უქმნიან, მათ შორის, მელაძისთვის, გაბუნიასთვის, მაშინ ის მას ენდობა.
ამაზე პასუხად კი სალიამ აღნიშნა, რომ კომპანიაში მივიდა არსებული მდგომარეობის გასაცნობად. სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშის დაოკიდებულება არის ის, რომ ის ნიკა გვარამიასთან ვერ ითანამშრომლებს.