“თქვენთანაც მოვლენ”- “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბოლო დროს, პოლიტიკოსების სახლების გახშირებული გაქურდვის ფაქტებზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება და წერს, რომ ვინც ამ ფაქტების წახალისებას ხელს უწყობს, თავად გახდება მსხვერპლი.
დეპუტატის სტატუსი სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ჰეშთეგს მოჰყვა – #გაქურდეთანამდებობისპირისსახლი. ნინო წილოსანმა აღნიშნული “გამოწვევა” სერიოზულად მიიღო და ქურდობის წახალისებად მიიჩნია.
“მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები, კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ – ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინს ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც..დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა”, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი სამი პოლიტიკოსის, გიორგი ქობულიას, გიორგი ვოლსკის და არჩილ თალაკვაძის სახლები გაქურდეს. სხვადასხვა კრიმინალური ფაქტების შესახებ ინფორმაცია კი სოციალური ქსელების საშუალებით ყოველდღიურად ვრცელდება.