თუ არ გაათავისუფლებენ ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული – მაჩალიკაშვილი ძმიშვილის დაკავებაზე

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მისი ძმიშვილის დაკავებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მორის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და თუ მორის არ გაათავისუფლებენ, ამ ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება.

“ჰუსეინი, თემირლანის მკვლელობის შემდეგ, ისე მყავს, როგორც თემირლანი. ჰუსეინი მხეცურად მოკლული თემირლანის დების იგივე ძმა არის. რაშიც დღეს მას ადანაშულებენ, სახელწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თუ  რა ინფორმაცია აქვს შსს-ს იმ მტკიცებულებაზე, სადაც სავარაუდოდ, ფიგურირებს მისი ძმის შვილი, რომელიც პარლამენტთან წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელებს, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“მე ეს მტკიცებულებები არ მინახავს. იმ დღეს აქ იყო მთელი ქვეყანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რასთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები, რომ საქართველოს მტრის, გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. ჰუსეინი იმ აქციის ორგანიზების გამო არ მოსულა, ის 11 თვის განმავლობაში იმის მოლოდინით დგას, როდის აღიარებს ეს სახელმწიფო თავის დანაშაულს. მე ასეთი კადრები არ მინახავს, რომ ის მათ წინაღმდეგობას უწევდეს, მაგრამ ასე რომც იყოს, ჰუსეინი ამ ხელისუფლებამ მიიყვანა იმ დონემდე, ასე რომ მოქცეულიყო თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ და ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.