თუ არ მოვაწერდით ჩვენებებს ხელს, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ – მიხეილ კალანდიას ძმა

 

დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმის სკანდალური განცხადება – ლუკა კალანდიამ „კურიერთან“ ინტერვიუში დაადასტურა ის, რაზეც გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობდა. კალანდიას თქმით, სამ დეკემბერს, როდესაც ის და მისი ძმა ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმის სტატუსით მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მიიყვანეს, მათ მიაყენეს ფიზკური შეურაცხყოფა და ისინი მორალურ ტერორში იმყოფებოდნენ.

ლუკა კალანდიას განცხადებით, მათ მიუტანეს უკვე დაწერილი ჩვენებები და მათზე ხელი მოაწერინეს, რის შემდეგაც კი უთხრეს, რომ მათ გაუშვებდნენ, ხოლო საპატიმროში მათი მამა, თენგიზ კალანდია დარჩებოდა. ლუკა კალანდიას თქმით, თენგიზ კალანდიასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

„მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ. ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ პირველ დღეებში, ყველას ემახსოვრება, ალბათ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში ამ ამბავთან დაკავშირებით და სჭირდებოდათ მეტი დაკავებული ადამიანი. სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის ჩვენი ორი მეგობარი, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბულიშვილი, რომლებიც უდანაშაულოები არიან და არაფერი იცოდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ მათ სჭირდებოდათ, რაც შეიძლება მეტი დაკავებული, რომ საზოგადოებაში მღელვარება ჩაეწყნარებინათ. პოლიტიკურად რომ არ გაჟღერებულიყო, დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო ოპოზიცასა და მთავრობას შორის, სავარაუდოდ, ამიტომ, ყველაფერი ამიტომ ხდება, ახლაც ამიტომ ხდება. ვერავის ვერ მივცემ ჩემი დაჩაგვრის უფლებას ვინც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა იქება, მაღალჩინოსანი, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა,“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.