ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 8 იანვრამდე გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არარსებობის გამო მიიღო.
პროცესზე ის გარემოვაჭრეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას ითხოვდნენ. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ მოსამართლე ჩხარტიშვილს დააჯარიმებს ფულს თავად აუგროვებენ.
შეგახსენებთ, აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ჩხარტიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდა, რა დროსაც მას პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.
ჩხარტიშვილი სხვა აქტივისტებთან ერთად სოლიდარობას უცხადებდნენ იმ გარემოვაჭრეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ვაჭრობაზე უარს აცხადებენ. გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი ბუშტებს იმ ადგილას არ გაყიდიან, სადაც შვილმკვდარი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ითხოვს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.