“თუ დამნაშავეა ჩაჯდება ციხეში, უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?!”-გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

“როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ადამიანი მესვრის, უფლება მაქვს იარაღი ამოვიღო” – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ კანონით პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი, რისთვისაც მინისტრის ან ხელმძღვანელის პირდაპირი ბრძანება არ სჭირდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და შესაბამისად, კითხვა, თუ რატომ არ მთავრდება გამოძიება, მისი მისამართით უნდა დაისვას.

„ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას, ეს სხვა თემაა. ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ: უკაცრავად, მაგრამ რატომაც არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგაზე რატომ არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო? ყველა, ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, მათი ოჯახებიც საუბრობენ – ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგიც გერმანიაში, რატომ არ მეკითხებით მაგაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ჩატაევის სიკვდილზე, თანმხლებ პირებთან ერთად – არ შეიძლება ასე. გავაიგივებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ. რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა – არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა თუ არა – უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?! თუ იტყვიან, რომ ეს დამნაშავეა, ის დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?!

ასევე, ერთი რაღაც მინდა ყველამ რომ იცოდეთ, არსებობს სისხლის სამართლის კანონი, იარაღის გამოყენების კანონი. როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი- იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, შევდივარ ოთახში ტერორისტი იქნება ეს თუ კრიმინალი იქნება, როგორ უნდა გამოვიყენო. მე მაქვს ჩემი კანონი და უნდა გამოვიყენო იარაღი. მე ვწყვეტ იქ, ვესროლო თუ არ ვესროლო. იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ, როცა შევდივარ სპეცოპერაციაზე, ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. მე რომ გავისვრი იქ, მე უნდა ვაგო პასუხი სასამართლოსთან და არა ჩემმა მინისტრმა, ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა.

ახლა ყველა ვიღაცა რაღაცას დააშავებს და ყველა მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ პასუხი აიღოს – რატომ? ვკითხულობ. ელემენტარული თემაა – მას თავისი კანონი აქვს. კანონით სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას და რატომ უნდა აგოს? ეს ინდივიდუალური ადამიანია. მე მაქვს ჩემი უფლება გამოვიყენო ან ხელი მოვაწერო, დავნიშნო თუ არ დავნიშნო. თუ არასწორად დავნიშნე ადამიანი, მომთხოვს პასუხს მე. ვიღაცამ იქ რამე გააფუჭა, ყოველ ვთქვათ ტყვიის გასროლაზე, მინისტრი გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ, ეს არასწორია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.