“თუ გაბედავს მე შევხვდები” -მაჩალიკაშვილების ოჯახი სოსო გოგაშვილს პასუხობს


სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ორი კვირის წინ შეხვედრა შეუთვალა.
ამის შესახებ განცხადება მედიკო მარგოშვილმა შაბათის კურიერთან გააკეთა. მარგოშვილი თავს იკავებს, დაასახელოს იმ ადამიანის სახელი, ვისი პირითაც გოგაშვილმა ოჯახს შეხვედრა შეუთვალა.
მარგოშვილის თქმით, გოგაშვილმა შეუთვალა, რომ თემირლანის მკვლელობის საქმეში ის უდანაშაულო იყო და შეეძლო ბიბლიასა და ყურანზე დაფიცება.
„ორი კვირის უკან გოგაშვილმა გამომიგზანა კაცი ხეობაში… მიზანი იყო, რომ თემირლანთან არ იყო დამნაშავე, ყურანზეც დავიფიცებ, ჩვენებური ბიბლიითაც, რომ არ ვარ თემირლანის საქმეში გარეული. მე ამ კაცს ავუხსენი, მე არ ვამბობ, რომ იმ ღამეს იყო გოგაშვილი, გოგაშვილი იყო დილის 10:00 საათისთვის, მე რომ მეზობლის კარიდან გამოვედი და ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი, მომიახლოვდა და მითხრა ზუსტად. მე არავინ არ მარიგებს, ჩემთვის არავის უთქვია, რომ გოგაშვილი მეხსენებინა იმიტომ, რომ ეს კაცი მე თვითონ ამოვიცანი სურათიდან, ზუსტად ეს კაცი იყო იმ დილით მე რომ დამელაპარაკა… მე ვუთხარი იმ კაცს, ვინც მომიგზავნა, იქნებ, რაღაც სურათებში ვცდები, იქნებ, წელიწადნახევარი გავიდა, რაც ამ კაცს ვთხოვ, თუ დამნაშავეა, რაღა ახლა გაახსენდა, ჩამოსულიყო, იქ ოცნების სახლთანაც ვიყავით, რომ ჩამოსულიყო და დამენახვე მეთქი თუ არ ხარ დამნაშავე, არ ჩამოვიდა არც იქ, წელიწადნახევარი გავიდა, ვადანაშაულებთ ამ პიროვნებას,“ – განაცხადა მარგოშვილმა.
მედიკო მარგოშვილის თქმით, შეხვედრის თარიღის დაგეგმვის შემდეგ გოგაშვილი ოჯახს არ შეხვდა.
„თანახმა ვიყავი და ველოდებოდი ერთი კვირა, რომ პასუხი არ მივიღე, დავურეკე იმ კაცს, რატომ არ შემხვდა ეს პიროვნება, ჩვენი შეხვედრა გაუქმდაო, არ ვიცი, რის გულისთვის, ან რა მიზეზით. მაშინ მე იმ კაცს ვუთხარი, ახლა უფრო ზუსტად დავრწმუნდი, რომ ეს თვითონ არის დამნაშავე და იმაზე არ უნდა ჩემთან შეხვედრა,“ – განაცხადა მარგოშვილმა.
მაჩალიკაშვილების ოჯახი ამბობს, რომ გოგაშვილი ვერ გაბედავს მათთან შეხვედრას.
“თქვენ როგორ გგონიათ, მაგის კაცობა აქვს მაგას, შემხვდეს? ის არ გაბედავს, რომ შემხვდეს, უიარაღოდ, შიშველ კაცს. არ გაბედავს, რომ შემხვდეს. თუ გაბედავს, მე შევხვდები,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

მაჩალიკაშვილების ოჯახი შაბათის კურიერში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ეთერში გავიდა სოსო გოგაშვილის ინტერვიუ. ინტერვიუში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებდა:

„მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი.

ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მიკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა გოგაშვილმა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.