“თუ გაუძლებ, გადარჩები“–ქართველი ქალის მძიმე გზა უკიდურესი გაჭირვებიდან წარმატებულ ბიზნესამდე

პროექტი “ქალები საქართველოდან“ 48 წლის ვანელი ქალის, ქეთი თომეიშვილის ისტორიას აქვეყნებს, რომელმაც მძიმე გზა გაიარა და დღეს წარმატებული ქალია. უკიდურესი გაჭირვების დასაძლევად ის წლების მანძილზე საზღვარგარეთ მუშაობდა, ბევრი პრობლემა დაძლია და დღეს გამართული ბიზნესი აქვს. გთავაზობთ ქეთი თომეიშვილის მონათხრობს:
„29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი.
ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო მევახშეებისგან ფული ვისესხე და ოპერაციისა და 46 დღიანი კომის შემდეგ, ჩემი და გადავარჩინე. სიმართლე გითხრათ, ქმარი გვერდში არ დამდგომია და მეც მასთან ვეღარ ვიცხოვრბდი, ვერ ვაპატიებდი.
დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი! ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-თქო. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას. საბავშო ბაღი მაშინ 5 ლარი ღირდა და ხანდახან იმ 5 ლარსაც ვერ ვშოულობდი, რომ ბავშვს იქ უფასო საჭმელი მაინც ქონოდა. სულ მაწუხებდა ეს პასუხისმგებლობა: როცა მოგყავს შვილი და მარტო გაზრდას გადაწყვეტ, ან იმაზე მეტი უნდა გაუკეთო ან ის მაინც არ უნდა მოაკლო, რაც მანამდე ქონდა. დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი, მაგრამ დედაჩემი შემეწინააღმდეგა, რას იტყვის ხალხიო და მეც თავს ვიკავებდი. საზღვარგარეთ წასულ ქალებზე სოფელში ხალხი ცუდს ფიქრობდა. მაგრამ ერთხელაც ჩემი შვილი ბაღიდან სველი ფეხებით რომ დაბრუნდა, ფეხსაცმელი ქონდა გახეული და წყალი შესდიოდა, ვეღარაფერმა დამაკავა. 50-50 თეთრი ავაგროვე და 6 ლარად ბათუმში ჩავედი. იმედი მქონდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდი სამუშაოდ.
ისე აეწყო, რომ 3 წელი ოჯახში ვიმუშავე ბულგარეთში, მერე იქიდან 1 წელი აზერბაიჯანში და ბოლო 10 წელი უკვე თურქეთში ვიყავი ოჯახში მოხუცის მომვლელად. თავიდან წასასვლელი ბილეთი და საგზლად სენდვიჩი კი მიყიდეს, მაგრამ მახსოვს, ავტობუსში ტუალეტის ფულიც არ მქონდა და მძღოლმა მაჩუქა 10 ლირა გზაში.
ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა. სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24 საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი: ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა. თან უსაფრთხოდაც ვერ გრძნობ თავს, თუ საბუთები წესრიგში არ გაქვს, შეიძლება ხელფასიც არ გადაგიხადონ. რამდენი შემთხვევა ვიცი, ქალებზე უძალადიათ, მაგრამ ეს ამბავი არავის აინტერესებს. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. სამედიცინო დაზღვევაც ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ გადასახადები უნდა გადაიხადო და „გაალეგალურო“, რაც ისედაც მცირე ხელფასს აკლდება. გაძლებაზეა იქ ყველა. თუ გაუძლებ, გადარჩები და ამ გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარება მიზანი. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, შრომობს იქ წლებია, აგზავნის ფულს, მაგრამ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს და ასე გადის მათი ცხოვრბა, ოცნებაში. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ქალების გამოგზავნილი ფული იოლი ფულია აქაურებისთვის და ასევე იოლად ხარჯავენ. ერთხელ რომ გამოვგზავნე 300 დოლარი, მალევე მეც ჩამოვედი ცოტა ხნით და ოჯახში არაფერი ქონდათ საჭმელი. ამის მერე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ფული კი არ გამომეგზავნა, მაღაზიისთვის გადამეხადა ყოველთვიურად და ჩემებს საკრედიტო ხაზივით ქონდათ გახსნილი პროდუქტის ასაღებად. მე წავედი, რომ დავბრუნებულიყავი. მართლა მეცოდებიან ის ქალები, ვინც ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება და ვეღარ ბრუნდება.
მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა: ჯერ ერთი ძალიან იაფი მუშა-ხელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხი“ -ს უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი საკიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არ სადმე „სხვაგან“. ახლაც ფეისბუქზე მიგრანტი ქალი თავის მოხუცთან გადაღებულ ფოტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს.
თურქეთში რომ გადავედი უკვე 1000 დოლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თანხის დაგროვებას 400 დოლარითაც ვახერხებდი. ჩემი პირველი მიზანი ვალების დაბრუნება იყო, წარმოიდგინეთ 50,000 ლარი მქონდა უკვე ვალი პროცენტებიანად. ყველა მევალეს დავუკავშირდი და გადვადება ვთხოვე. 4 წელში ყველა ვალი დავფარე. შემდეგი მიზანი მქონდა სახლის აშენება. ამდენი სული ერთ პატარა „კუხნაში“ ვცხოვრობდით. მახსოვს, თურქეთში მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუვლიდი, თვალი გამირბოდა ლამაზი შარვლისა და „კოფთისკენ“, ფასს რომ გავიგებდი, ტვინში კალკულაციას ვაკეთებდი, ამ თანხით რამდენი ბერკეტი მომივიდოდა სახლის ასაშენებლად და ხელცარიელი გამოვდიოდი უკან.
ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ასეთ შრომაში. ჩემი შვილის არც პირველ კლასში წასვლა მინახავს, არც მისი ცეკვის კონცერტები. ფოტოებით და ვიდეოებით ვადევნებდი თვალს, როგორ იზრდებოდა. მაგრამ მთავარია ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ, კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა, დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-თქო. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა.
საქართველოში 2016 წელს დავბრუნდი. დანაზოგიც მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთხელ, ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარს გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-თქო. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამრეისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი რაც გავიგე, წარმატებული მოსავალისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. ჰოდა, მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო.
მერე იყო სახელმწიფო გრანტი 60%-იანი თანადაფინანსებით. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნეს გეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. ნელ-ნელა ნდობაც მოვიპოვე დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9,000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.
ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე მიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ.მ. სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუკი რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ. ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურია ახლა მოთხოვნადი ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება.
სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული. ჩემი მენეჯმენტი მაქვს: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ერთსა და იმავე საქმეს არც ერთი აკეთებს, რომ მერე ერთმანეთს არ დააბრალონ შეცდომები. შვილთან ურთიერთობაც სიმკაცრეში გადამდის, მაგრამ მირჩევნია შრომას მიეჩვიოს და ამ შრომაში ხელფასი გადავუხადო, რომ თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება მე შემომყურებდეს ხელებში. საქართველოში ხომ იცით როგორცაა, 40 წლის კაციც ბავშვია და მოვლას ითხოვს.
მოგება ამ წუთში ვერ მექნება, რადგან, რაც შემოდის ყველაფერი ბანკში მიდის. 2 წელიწადში ამ ვალდებულებებსაც გავისტუმრებ და მერე უფრო გავიმართები წელში. თუმცა ამ შრომაში თანდადათან ისე ვიზრდები და ვიხვწები, იმდენ გამოცდილებას ვიღებ… ვალის გარეშე ძალიან ძლიერად ვიქნები. ამას წინათ, აგერ ზედა სოფელში სათბური გაუკეთებიათ ბიჭებს. მივედი, ვნახე. ვუთხარი შეცდომით გააკეთეთ-თქო, სქელი მილები ჩაყარეს გასათბობად და ღუმელი ვერ ერევა. არ დამიჯერეს, ქალმა რა იცისო. იმათ თებერვალში მოათავეს მოსავალი, მე კიდევ ისევ ვიმკი.
მთხოვნელები მომირავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი: შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?! რატო, თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს! იქ, მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში, და მე უვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური
პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ქალები საქართველოდან“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
#ქალებისაქართველოდან