გიგი წერეთლის თქმით, წინა კვირას ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორების, ევროპარლამენტარებისა და სენატორების მხრიდან არაერთი კრიტიკული მოსაზრება მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სენატორ ვიკერის წერილია.
მისი თქმით, როჯერ ვიკერი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სენატორია, რადგან მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელის და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. სწორედ ამიტომ, მისი განცხადება კიდევ უფრო შემაშფოთებელია.
,,მე მინდა საგანგებოდ განვაცხადო ის, რომ როდესაც ამ დონის პოლიტიკოსი, ასეთი გავლენიანი სენატორი ამბობს, რომ თუკი არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, მაშინ შესაძლებელია, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს საფრთხის ქვეშ, ეს არის მართლაც ძალიან შემაშფოთებელი განცხადება,”- ამბობს წერეთელი.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების პასუხი, რომ მაგალითად “100 სენატორიდან მხოლოდ ერთმა გააკეთა განცხადება”, დამამძიმებელია. წერეთლის აზრით, თუ ხელისუფლებას ადეკვატური ვითარების განცდა აქვს, ოპოზიციასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა მოილაპარაკოს.
,,რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ძალიან დამამძიმებელი იქნება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გარკვეული დრო არსებობს და არსებობს ოპოზიციაშიც გარკვეული მზადყოფნა იმისთვის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება. სხვა შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, გართულდება და სხვა არასასურველი სცენარები არავისთვისაა მიზანშეწონილი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის”,- ამბობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის წერილი ენმ-მ გაასაჯაროვა. სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორმა პრემიერ-მინისტრს წერილი გასული წლის 19 დეკემბერს გამოუგზავნა და ის საქართველოს ხელისუფლებამ დამალა. ვიკერი წერილში საარჩევნო სისტემის უკან წაღებას, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და სხვა პრობლემებს ეხმაურება.