ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მისი დაცვის წევრის კობა კოშაძის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა და კონკრეტული ვადა მისცა.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თუ 19 აგვისტომდე კობა კოშაძე არ გათავისუფლდება, ივანიშვილს ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება.
„კობა კოშაძე მსახურობდა სამთავრებო დაცვის სპეციალურ სამსახურში. თავისდროზე ის პირად მცველად დამინიშნეს. სააკაშვილის დროს დააპატიმრეს თუმცა, მერე გაამართლეს. მის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის. მას იარაღი არ უტარებია. ეს მხოლოდ ჩემი დასჯის ღონისძიება იყო. ძალიან ბევრი სპეცრაზმელი მეგობარი მყავს. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სხვა რომ დაეჭირათ შეიძლება ასე არ ვყოფილიყავი. რამდენიმე წლის წლინ კოშაძეს შვილი გარდაეცვალა. 19 აგვისტოს ჩვენ, მეგობრები ვიკრიბებით მის საფლავზე. თუ ამ დრომდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ვპირდები, რომ ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე 17 ივლისს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.