,,თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები.
საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან “, – განაცხადა სერგეი ლავროვთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ლავროვის ქვეყანაში შემოშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რომ არ იცის, სად ჩავა სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ,,სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით სად ჩავა და სად არ ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ რაც ტრადიციულად თავმჯდომარე ქვეყნების მიერ ტარდება, ის ღონისძიებები ჩავატაროთ, მათ შორის მინისტერიალი,- აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წარმომადგენლად მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში შესაძლოა ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს . ცნობილია, რომ ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ის ნამყოფია როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში. ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში 15 მაისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.