საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უგულავას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.
ზურაბიშვილის თქმით, ,,შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით”.
,,ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, რის შემდეგაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. გუშინ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები და შეწყდება პოლიტიკური დევნა. ასევე, არჩევნები ჩატარდება 130/20 მოდელით, 1%-იანი ბარიერით.
ოპოზიციას გიგი უგულავას გათავისუფლების გზად პრეზიდენტის მიერ შეწყალება მიაჩნია, რაც მემორანდუმშიც აღინიშნა. ,,ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”- წერია განცხადებაში.
ამასთან, დღეს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.