თუ ოპოზიციასთან ვერ შევთანხმდებით, არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდება- თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას შესთავაზეს კომპრომისული მოდელი – 100/50-ზე (პროპორციული – 100 , მაჟორიტარული 50 დეპუტატი), რომელზეც ოპოზიცია თუ არ დათანხმდება, 2020-ის არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდება.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით რაც მოხდება – არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციასა და მთავრობას შორის საარჩევნო მოდელის განხილვის რამდენიმე ეტაპი უშედეგოდ დასრულდა. მხარეები დიალოგის გაგრძელებას კვლავ აპირებენ