გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან. ეს არის მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუ ვინ გასცა აქციის დარბევას ბრძანება მან ასე უპასუხა:
“მეც ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენი შვილიც მუშაობდა. ჩემი კოლეგა იყო და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ: როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, ეს ყველაფერი ბრძანებით წინასწარ არის გაწერილი, თუ რა დანაყოფები რა საპოლიციო მოქმედებებს გამოიყენებენ. ეს წინასწარ არის გაწერილი. როდესაც ადგილზე არის საუბარი ოპერატიულ მართვაზე, იქ, რეალურად, პოლიციელებს აქვთ წინასწარ შემუშავებული სცენარი, რომ თუ მათზე მოხდება თავდასხმა, თუ მათ დაემუქრებათ პირდაპირი საფრთხე, რაც იქ ჩანდა და ყველა დავრწმუნდით, პოლიციელებს დაემუქრათ პირდაპირი საფრთხე. ისინი ვალდებულნი არიან იმოქმედონ და ამას ზოგ შემთხვევაში ბრძანების მიცემაც არ სჭირდება. როდესაც პოლიციელს უახლოვდება ადამიანი, სხვა სტანდარტულ სიტუაციაში და ვთქვათ, ხელში უჭირავს დანა, პისტოლეტი ან რაღაც ნივთი, რომელიც პირდაპირ საფრთხეზე მიანიშნებვს, პოლიციელი იქ მოქმედებს პირდაპირ. ეს ასე არის ყველა დასავლურ სახელმწიფოში, მას არ სჭირდება გადარეკვა მინისტრთან, ეს ადამიანი მემუქრება და ვიმოქმედო თუ არა”. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.