თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს -კობახიძე

თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს -ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, – განაცხადა კობახიძემ.