“თუ სინოდზე ე.წ. ციანიდის საქმეს არ განიხილავენ, ვიტყვი იმას, რისი თქმაც ჩემს ძმას სურს” – თორნიკე მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ხვალ, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე თუ არ დააყენებენ მისი ძმის საკითხს, პრობლემებზე საჯაროდ ალაპარაკდება. TV პირველის ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში საუბრისას თორნიკე მამალაძემ თქვა, რომ ერთადერთი ალტერნმატივაა, ტელევიზიის ეთერით მიაწოდოს ინფორმაცია ეპისკოპოსებს.

“გამოჩნდება ყველაფერი ხვალ, მე რა თქმა უნდა, იმედი მაქვს… არც ის მინდა ვთქვა, რომ ვინმეს ვემუქრები. ალტერნატიულ გზად მიმაჩნია ის, რომ თუ ხვალ არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი ძმის საკითხის განხილვა, ის ინფორმაციები, რაც თუნდაც იმ წერილში წერია, მე გავასაჯაროვო. თუ არ შედგება სინოდზე ჩემი ან ჩემი ძმის გამოკითხვა, ან კომისია თუ არ შედგება იმ საკითხზე, რა საკითხზეც დღემდე გრძელდება პრობლემა საპატრიარქოში, მე მიმაჩნია, ერთადერთი ალტერნმატივაა დავჯდე ეთერში… ვიტყვი იმას, რისი თქმაც სურს ჩემს ძმას სინოდზე, რისი თქმაც სურდა, სანამ დააპატიმრებდნენ. მას მანამდე უნდოდა სინოდზე გასვლა, თუმცა უთხრეს, ცოტა ხანი გვადროვეთო და დააპატიმრეს”,— ამბობს თორნიკე მამალაძე.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე გაიმართება. სხდომაზე, სავარაუდოდ, მეუფე იაკობის განცხადებებზე იმსჯელებენ.