{{ARTICLEIMAGE}}
14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში, “ჭკვიანი კამერების” საშუალებით დაჯარიმდება ყველა იმ ავტომობილის მძღოლი, რომლებსაც არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლები სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების საფუძველზე დაჯარიმდებიან.
ამავე წყაროს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერა.