“თუ ვინმე აპირებს ივანიშვილს შეუვარდეს და დაცხრილოს მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ” – მაქარაშვილი გვარამიას საქმეზე

“თუ ვინმე აპირებს, რომ ივანიშვილს იარაღით შეუვარდეს და დაცხრილოს, მე ამ საქმეში არ ვიღებ მონაწილეობას “, -განაცხადა,  მოძრაობა “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა ნიკა გვარამიას მოწოდებას ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.

როგორც მაქარაშვილი აცხადებს, მოძრაობა “სირცხვილია“ მომხრეა, ხელისუფლება მშვიდობიანი, პროპორციული არჩევნების გზით შეიცვალოს.

“ნიკა გვარამია არც პოლიტიკური პარტიაა, არც მოძრაობა „სირცხვილისთან“ ასოცირებული პირი. გვარამია რომ იყოს პოლიტიკური პარტია,რომელიც იმ მაგიდასთან ზის, სადაც ჩვენ ვზივართ, კომენტარს გავაკეთებდი. თუ ნიკა გვარამია ხელისუფლების დამხობას აპირებს ტელევიზიით, თუ ხელისუფლების ლუსტრაციას ახდენს და ამხელს მათ დანაშაულებებში და გპასუხობთ , რომ ეგ ძალიან კარგი საქმეა და ყველა მედიამ ეგ უნდა გააკეთოს. თუმცა, თუ ვინმე აპირებს,რომ ივანიშვილს იარაღით შეუვარდეს და დაცხრილოს, მე ამ საქმეში არ ვიღებ მონაწილეობას. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში ყველას უნდა, რომ ივანიშვილი არჩევნების გზით წავიდეს. ჩემი პირადი და მოძრაობა „სირცხვილიას“ პოზიციაა, რომ მშვიდობიანი პროპორციული არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. ვიღაც ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, მათ შორის მედიით, რომ ამოქექონ ივანიშვილის უამრავი ბნელი საქმე ეს აბსოლუტურად ნორმალური საქმეა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ვერ ხედავენ, უნდა დაინახონ,რომ ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ქვეყანაში უნდა დარჩეს ხელმძღვანელად. მივესალმები ყველა კანონიერ გზას, რომელიც მშვიდობიანად გაუშვებს მოუსვლელში ამ ხელისფლებას“, – განაცხადა სააგენტოსთან საუბარში მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიის “მთავარს“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაამხოს. „ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებია-მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.