“თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შსს იყო – კირკიტაძის სასამართლო პროცესი

დატოვებს თუ არა საპატიმროს დავით კირკიტაძე – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

“არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო”, განაცხადა კირკიტაძემ.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.