თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად სამუშაოებში მყვინთავებიც არიან ჩართულნი რადგან ვარაუდობენ რომ ახალგაზრდა მდინარე სტორის დინებამ წაიღო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
“ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე.
დათვალიერების შედეგად , კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნაპოვნი.
პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.”- ნათქვამია განცხადებაში