რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 79 წლის ქალი მოსკოვში, №2 ინფექციურ საავადმყოფოში პნევმონიით დაიღუპა.
პაციენტის ჰოსპიტალიზება 13 მარტს მოხდა. ექიმების თქმით ტესტზე დადებითი შედეგის შემდეგ ის კომპლექსურ ინტერნსიურ თერაპიას გადიოდა სუნთქვითი უკმარისობის გამო და იზოლირებულ ბოქსში იმყოფებოდა. როგორ გადაედო ქალს კორონავირუსი არ კონკრეტდება.
ექიმების ინფორმაციით ქალს პნევმონია სერიოზული თანმდევი პათოლოგიების ფონზე განუვითარდა– მას 2–ე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა, ასევე გულის იშემიური დაავადება, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ფილტვების ქრონიკული ჰიპერტენზია და ცერებროვასკულარული დაავადება.
გარდაცვლილის კონტაქტები იდენტიფიცირებულია და ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის 147 შემთხვევაა დაფიქსირებული.