ალეკო ელისაშილმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ მერიის არაკომპეტენტური რეფორმის შედეგად ხალხი ზარალდება.
„გადახედონ სატრანსპორტო გეგმას და შეაჩერონ ის არაკომპეტენტური ე.წ. რეფორმა, რასაც ახორციელებენ. ვინაიდან, სინამდვილეში ეს არის მავნებლობა. რეფორმა საჭიროა და რეფორმა უნდა იყოს თანამიმდევრული. როგორც სახლი შენდება საძირკვლიდან და სახურავიდან აშენება არ შეიძლება, ზუსტად ეს არის სატრანპორტო რეფორმა. ტაქსები ბოლო უნდა ყოფილიყო, რასაც მერია გააკეთებდა და რეგულაციებს დაუწესებდა. მანამდე სხვა რაღაცეები უნდა მოეგვარებინა. ისინი რომ არ მოაგვარა და ტაქსებს მიადგნენ, ამიტომ გამოიწვია ხალხის ნაკადის გადანაწილება სხვა ტრანსპორტში და შესაბამისად, მეტროში ავტობუსში და მარშუტკებში ჭყლეტა.
ასე რომ, ნუ არის კალაძე გაჯიუტებული. აღიაროს, რომ შეცდომა მოუვიდა და უკან დაიხიოს. თუ ამას იზამს, მე გამოვალ და შევაქებ პირადად. სხვა შემთხვევაში ხალხი ზარალდება, თვითონ კი დასეირნობს მინი კუპერით, მაგრამ ხალხი ძალიან ზარალდება. აქციით გამოვხატეთ, რომ მერი და მისი მოადგილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადიან. ვიცე მერმა თქვა, რომ სტუდენტობის მერე საერთოდ მეტროში არ ყოფილა. ასეთი კაცი ქალაქს და მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს, რადგან ესენი არ დადიან მეტროთი და არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ იციან რა ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით პიკის საათებში ავტობუსებში, მეტროში და მარშუტკებში. სწორედ ამიტომ მივიტანეთ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის ამ დღეებში გადაღებული კადრები მერიასთან და ვაჩვენეთ. იქ მაინც ენახათ რა ხდება ქალაქში, რადგან თავად არ კადრულობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას. ნახონ როგორ ზარალდება ხალხი მათი არაკომპეტენტური რეფორმის შედეგად.”