ამერიკელი კინომსახიობი, ტომ ჰენქსი და მისი ცოლი რიტა უილსონი ავსტრალიის საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ მოხვდნენ. ჰენქსი ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. გადაღებები გაურკვეველი დროით გადაიდო.
63 წლის მსახიობმა გასული კვირის ხუთშაბათს ინსტაგრამში დაწერა, რომ კორონავირუსით დაავადდა.
“თავს ცოტა დაღლილად ვგრძნობდით, როგორც გაციებისას. იყო ტკივილები სხეულში. რიტას პერიოდულად ამცივნებდა. გვქონდა პატარა ტემპერატურა. როგორც წესია, ორივემ გავიარეთ ტესტი კორონავირუსზე და ის დადებითი აღმოჩნდა.“– წერდა ჰენქსი.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავსტრალიელებს მადლობას უხდიდა შესანიშნავი ზრუნვისთვის.
ტომ ჰენქსი ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელსაც კორონავირუსი დაემართა. ბრიტანელმა მსახიობმა, იდრის ელბამ ორშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ანალიზებმა მის ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაადასტურა. ის წერს, რომ თავს კარგად გრძნობს, პანიკაში არ ვარდება და ჯერჯერობით სიმპტომებიც არ აქვს.