საქართელოს ელჩი აშშ-ში , დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ ტონი, რომლითაც კონგრესმენები საქართველო პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, აბსოლუტურად მიუღებელია.
,,ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის”,- ამბობს ელჩი.
ბაქრაძის განცხადებით, კომპანია ,,ფრონტერა” ტეხასსა და ოკლაჰამაში წარმოიშვა, ამიტომ ამ შტატების წარმომადგენელ კონგრესმენებს კომპანიის დაცვის პირადი ინტერესი აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის წერილს, ელჩის თქმით, მასში ფაქტობრივი უზუსტობებია, ამიტომ ის ხალხი, ვინც მათ ამ ინფორმაციას აწვდის, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს თავად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას კრიტიკული წერილები გამოუგზავნეს. მათ შორის ბოლო პიტ ოლსონი იყო, რომელმაც საქართველო მთავრობას კორუმპირებული უწოდა. ენმ-მ სენატორი როჯერ ვიკერის წერილიც გამოაქვეყნა, რომელსაც მთავრობა მალავდა. მან გახარიასთვის მიწერილ წერილში ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და სხვა პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მოგვარების გარეშე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია დაიკლებს.