დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, 16 იანვარს, 20:28 საათზე აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი მცირეწლოვანია, დაშავებულია კორპუსის 8 მაცხოვრებელი, მათ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. საზოგადოება ამ დრომდე ელის განმარტებას”ყაზტრანსგაზ-თბილისისგან”, რატომ ვერ აღმოაჩინა პრობლემა ადგილზე, როდესაც აფეთქებამდე 5 საათით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებმა სწორედ მათი წარმომადგენლები გამოიძახეს. ცნობილია, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები გუშინვე დაკითხეს, ასევე ცნობილია, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო.
საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის პირველადი სავარაუდო დასკვნით, დიდ დიღომში ბუნებრივმა გაზმა გაჟონა და საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დაგროვდა.
ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას მოითხოვს კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისისგან”, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. ენერგოომბუდსმენის შეფასებით, სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.
ენერგოომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის შიდაქსელის მოწყობის რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, რადგან არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარუდგინა.
“ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად”,ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.
ვითარების შესასწავლად საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გვიან ღამემედე იმყოფებოდა დიდ დიღომში.
ამ დროისთვის არსებული ვითარება: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი. დაშავებული 6 ბავშვიდან 5 უკვე გაწერეს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან. მინისტრის ცნობით, ღუდუშაურის კლინიკაში დღეს მივიდა ფეხმძიმე პაციენტი და სწორედ მის მოსანახულებლად წავიდა მინისტრი ამ წუთებში. სერგეენკოს განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება დაზარალებულებს, თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებული 31 ადამიანი სრულად არის უზრუნველყოფილი დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა: “ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ”, განაცხადა ელოშვილმა. დაზარალებულები სასტუმროებში “შაინსა” და “ტეხასში” გადაიყვანეს.
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა
აფეთქება დიდ დიღომში: 3 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, 4 წლის ბიჭიც გარდაიცვალა (მოვლენათა ქრონოლოგია, განახლებადი ინფორმაცია)














