ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 88 სენატორმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო რვა.

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 738 მილიარდ დოლარს შეადგენს. 658 მილიარდი დოლარი თავდაცვის დეპარტამენტისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებს მოხმარდება. 71.5 მილიარდი დოლარი კი, საზღვარგარეთ ოპერაციებისთვის იქნება გამოყოფილი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 738 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა, საქართველოსაც ეხება, გამოხატავს რა „ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულებას, მათ შორის ქართველი სამხედროების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის მიმართ“.

„კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობას, მხარს უჭერს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს მისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა“, – ნათქვამია კანონპროექტში.

დოკუმენტში საუბარია უკრაინისთვის 300 მილიონის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობასა და კოსმოსის ძალების შექმნაზე.

შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი გასულ კვირას, 86-8 ხმით დაამტკიცა.